ბოლო ათწლეულების განმავლობაში კაცობრიობაზე მთელი რიგი უარყოფითი გარემო ფაქტორები მოქმედებს, რომლებიც დაკავშირებულია სტიქიურ კატასტროფებთან, ადამიანის მიერ წარმოქმნილ უბედურ შემთხვევებთან და პოლიტიკურ კონფლიქტებთან, რასაც მატერიალური დანაკარგები, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ბიომრავალფეროვნების დაზიანება მოჰყვება. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ეფექტი მომავალ თაობებზე აისახება.
რა გავლენა აქვს ყოველივე ამას მდგრად განვითარებაზე?
გაეროს მონაცემებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში – 2000 წლიდან 2020 წლამდე მოხდა 7 348 გლობალური კატასტროფა, რომლებმაც 1,23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ კატასტროფების შედეგად მსოფლიო ეკონომიკამ 2,97 ტრილიონი დოლარი დაკარგა. ბუნებრივი კატასტროფების გაზრდის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. არის რისკი, რომ საშუალო ტემპერატურა 3,2 ცელსიუს გრადუსით ან მეტით მოიმატებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინდუსტრიული ქვეყნები სათბურის გაზების გამონაბოლქვს ყოველწლიურად მინიმუმ 7,2 პროცენტით ვერ შეამცირებენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი კი იქნება ადამიანის ამჟამინდელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მომავალზე ფოკუსირების გარეშე.
რესურსების შენარჩუნების პრობლემების საერთო გაგებამ, რათა მომავალმა თაობებმა შეძლონ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება, განაპირობა მდგრადი განვითარების ძირითადი პრინციპების შემუშავების აუცილებლობა, ხოლო 2015 წელს გაეროს სამიტზე მდგრადი განვითარების 17 მიზანი შეათანხმა 193 ქვეყანამ.
რა იგულისხმება ტერმინში მდგრადი განვითარება?
მდგრადი განვითარების ამჟამინდელი გაგება ჩამოყალიბდა 1983 წელს, როდესაც გაერომ მოიწვია გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისია, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ბრუნდტლანდის კომისია. ტერმინი „მდგრადი განვითარება“ და კომისიის მიერ დამტკიცებული მისი განმარტება დღესაც ფართოდ გამოიყენება.
მდგრადი განვითარება არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ამჟამინდელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გარემოსა და რესურსების შენარჩუნების ფონზე. ანუ, მომავალი თაობების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უგულებელყოფის გარეშე.
მდგრადი განვითარების კონცეფცია ეფუძნება სამი ძირითადი კომპონენტის ბალანსის პრინციპს:
- ეკონომიკური ზრდა;
- სოციალური პასუხისმგებლობა;
- და გარემოსდაცვითი ბალანსი.
მდგრადობის ანგარიში:
ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტებისადმი საზოგადოების ყურადღების გაზრდის გამო, სულ უფრო მეტი კომპანია ნერგავს მდგრადი განვითარების ყოველწლიურ ანგარიშს საზოგადოებრივი საქმიანობის მექანიზმში.
მდგრადობის ანგარიში, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებს და ამოწმებს მათ შესაბამისობას ESG კრიტერიუმებთან, ხდება ორგანიზაციის კონკურენტული უპირატესობა.
არსებობს მკაფიო კავშირი კორპორატიულ მდგრადობასა და ღირებულების შექმნას შორის, რადგან ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელ პროექტებში ინვესტიციებით კომპანიებს შეუძლიათ მაქსიმალურად გაზარდონ მოგება და შეამცირონ რისკები, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
მდგრადობის ანგარიში ასახავს ინფორმაციას ორგანიზაციის პროგრესის შესახებ მდგრადი განვითარების სფეროში, მისი საქმიანობის შედეგებზე ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში.
მდგრადობის ანგარიშგება ეხმარება ორგანიზაციას დასახოს მიზნები, გაზომოს შესრულება და მართოს ცვლილებები, რათა მისი ოპერაციები უფრო მდგრადი და კონკურენტუნარიანი გახდეს.
მდგრადობის ანგარიშგების ძირითადი უპირატესობებია:
- გრძელვადიანი სტრატეგიის, მართვის პოლიტიკისა და ბიზნეს გეგმების გავლენის ფაქტორების იდენტიფიცირება;
- რისკებისა და შესაძლებლობების ღრმა გააზრება;
- ფინანსური და არაფინანსური შესრულების შედეგებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა;
- პროცესების ოპტიმიზაცია, ხარჯების შემცირება და ბიზნესის ეფექტურობის გაზრდა;
- ბიზნესის განვითარების მდგრადობის ინდიკატორების შეფასება გრძელვადიან პერსპექტივაში;
- კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- რეპუტაციისა და ბრენდის ლოიალობის გაზრდა;
- გარე დაინტერესებული მხარეებისთვის პირობების შექმნა, რათა გაიგონ ორგანიზაციის ნამდვილი ღირებულება, ისევე როგორც მისი მატერიალური და არამატერიალური აქტივები.
დასკვნა:
სამი ძირითადი კომპონენტის – ეკონომიკური ზრდის, სოციალური პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი ბალანსის დაბალანსების პრინციპების დაცვა კომპანიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებისსა არის იმის გასაღები, რომ ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი განვითარების მიზენებს მიაღწევს.